საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძის განცხადებით, სოციალურ მუშაკებს წელს ანაზღაურება 1 200 ლარამდე გაეზრდებათ. აღნიშნულ საკითხზე კილაძემ დღეს, 16 იანვარს სოცმუშაკებთან შეხვედრისას ისაუბრა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოციალურ მუშაკს ხელფასი 800 ლარი აქვს, ხოლო უფროს სოცმუშაკს – 1000. რეფორმის შემდეგ, მათი ხელფასები შესაბამისად 1200 და 1400 ლარამდე გაიზრდება.
„ვამატებთ სოციალურ მუშაკებს, ყველა სამინისტროს ფარგლებში და ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, წელს პირველად გვეყოლება ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სოცმუშაკები“, – თქვა კილაძემ. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
მისი თქმით, 2025 წლის დადგომამდე ხელფასები სოცმუშაკებს გაუორმაგდებათ.
სოცმუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის რვა თებერვალს დაიწყეს. ისინი ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გაფიცულებს სამცხე–ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ.
სოცმუშაკებისთვის ხელფასის მომატებაზე, გასული წლის მარტში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ისაუბრა. მან განმარტა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგები დაემატებოდა. ხელფასი კი 2020 წელს 1 200 ლარამდე გაიზრდებოდა, ხოლო 2022 წელს – 1 500 ლარს მიაღწევდა.