ქობულეთში, სოფელ საჩინოს მოსახლეობა სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, წყალი სასმელად უვარგისია. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ქობულეთის გამგეობამ 2016 წელს სოფელ საჩინოში წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა პროექტი არასწორად დაიგეგმა.
„სოფელ საჩინოში წყლის მთავარი რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის 2016 წელს მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სოფლის ნაწილს ბოლო სამი თვეა სასმელი წყალი არ მიეწოდება, მხოლოდ მეორე ნაწილი კი დაბინძურები წყალით მარაგდება. წყალი სასმელად უვარგისია. მოსახლეობა ამბობს, რომ დაბინძურებულმა წყალმა საოჯახო ტექნიკა მნიშვნელოვნად დააზიანა. წყლის რეზერვუარის დაპროექტება არასწორად მოხდა, რადგან სათავე ნაგებობაში წყლის გამფილტრავი მოწყობილობები არ დგას. ქობულეთში გამგებელს მივმართეთ შეკითხვით – წყლის რეზერვუარის დაპროექტება შეიძლება ისე, რომ თავიდანვე არ იყოს გათვალისწინებული გამფილტრავი საშუალებები? მისი პასუხი იყო – გამოგვრჩა და მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთო. მოსახლეობა ყურადღებას ითხოვს“, – აცხადებს ბონდო თედორაძე.
წყარო: ინტერპრესნიუსი