ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორი, შესაძლოა, გაათავისუფლონ

602

წინა სტატია

შესაძლოა, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი  სამსახურიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიდევ ერთი საჯარო მოხელე დატოვებს თანამდებობას მათი მიერ გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ – გადაწყვეტილებას ხულოს მერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაახმოვანებს. საქმე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს გურამ ხოზრევანიძე ეხება, რომელმაც შვილი იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, სადაც მუშაობს.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, სამსახურეობრივი მოკვლევა უკვე დასრულებულია და გადაწყვეტილებაც მიღებულია.

“ის ადამიანი იქ აღარ იმუშავებს, სადაც იყო დღემდე, ყველაფერს მალე გაიგებთ, მეტს ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე” – განაცხადა სატელეფონო საუბრისას მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა.

ცნობისთვის, ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა შვილი ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში კონკურსის გარეშე დაასაქმა. გურამ ხოზრევანიძის შვილმა ნეპოტიზმის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ვაკანსიის შესახებ მამისგან გაიგო. თამილა ხოზრევანიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმი სიახლე არ არის და ადამიანები თანამდებობაზე სწორედ ამ ნიშნით ხვდებიან.