“ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც მონაწილეობს, ხმის მიცემა დღეიდან, 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს 14:59 საათზე დასრულდება.
კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი: www.vote.ebdest.in, ხოლო ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
ხმის მიცემა შეიძლება ნებისმიერი გეოგრაფიული ადგილიდან. კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად კი შექმნილია სპეციალური ჰეშთეგი #votefortbilisi
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკურსზე წარსადგენად მერიამ რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეარჩია. მისივე თქმით, ფოტოები გადაღებულია თბილისის სხვადასხვა უბნებსა და ადგილებში.
“ვფიქრობ, რომ ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული.
ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.
მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვანახოთ ეს მსოფლიოს, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მერიის ცნობით, 2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში თბილისის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.