თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის კანდიდატია. მისი თქმით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსია და თბილისისთვის მასში მონაწილეობა საინტერესოა.
“თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კონკურსის კანდიდატია. “იბიდი” ( EBD) არის დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს ტურისტულ კონკურსს – “წლის საუკეთესო ევროპული მიმართულება”, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ხმა მისცენ ამა თუ იმ ტურისტულ მიმართულებას.
ამჯერად თბილისიც მოხვდა ამ კონკურსში და მისი სავარაუდო კონკურენტები იქნებიან ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, იბიდის ვებგვერდზე თბილისისთვის შეიქმნება სპეციალური საკონკურსო ლინკი, სადაც დედაქალაქის შესახებ განთავსდება ინფორმაცია და ფოტომასალა ტურისტული პროდუქტების შესახებ. ამ ბმულით მსურველებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ საშუალება ხმა მისცენ თბილისს, როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულებას მოგზაურობისათვის.
EBD-ის კონკურსზე წარსადგენ ფოტოებზე, თბილისის მერია ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსზე წარსადგენად შეირჩევა 30 ფოტო, მასში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
“30 ფოტოა საჭირო იმისთვის, რომ კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა. 30 ქართველი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მაღალი ხარისხის ფოტოა საჭირო, რომელიც დედაქალაქს მიეძღვნება. კონკურსი გამოცხადდება ამისთვის და ვთხოვთ ყველა ფოტოგრაფს ჩაერთონ ამ პროცესში. 2020 წელს ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ “Best Destination-ის” საუკეთესო ქალაქი. საუკეთესო ფოტოებს შეარჩევს სპეციალური ჟიური. მერიის საიტზე იქნება გამოტანილი სპეციალური გვერდი და ფოტოგრაფებმა ამ გვერდის საშუალებით უნდა მოგვაწოდონ შესაბამისი ფოტოები“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.