მარნეულში ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის ტენდერში უკვე მესამედ ერთმა და იმავე კომპანიამ გაიმარჯვა

624

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების შესყიდვის ტენდერში კვლავ შპს „ვექტრამ“ გაიმარჯვა. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ვექტრასთან“ 21 100 ლარის ღირებულების ხელშეკრულება უკვე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ მერიის მიერ 2019 წლის 16 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ მიიღო.

შპს „ვექტრამ“ მარნეულის მერიის ტენდერშ უკვე მესამედ გაიმარჯვა. კომპანიამ მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის პირველი ტენდერი 2018 წელს მოიგო, ხოლო შემდგომ ტენდერში 2019 წელს გაიმარჯვა.

რადიო „მარნეულის“ მიერ 2019 წლის 15 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, შპს „ვექტრას“ ტენდერში კომპანიის ნომრის ნაცვლად მაკონტროლებელი ორგანიზაციის ნომერი ჰქონდა მითითებული, რამაც მათზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა.

რადიო “მარნეულს არაერთხელ მოუმზადებია სიუჟეტი, რომელიც მარნეულში მომრავლებულ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პრობლემას ასახავდა. 2019 წლისთვის კი ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარის აშენება იგეგმებოდა, რომლის ერთ-ერთ ადგილად სწორედ მარნეული მოიაზრებოდა. როგორც 2019 წლის 19 დეკემბერს რადიო „მარნეულს“ მერიაში განუმარტეს, ამ დროისთვის რეგიონალური თავშესაფრის პროექტი განხორცილების ეტაპზე არ არის. იმ შემთხევაში თუ პროექტი 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება, მუნიციპალიტეტი შესაბამის ზომებს მიიღებს.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემების მიხედვით, მარნეულის ტერიტორიაზე 2019 წლის განმავლობაში, ანტირაბიული ვაქცინის გამოყენების 1 045 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ცენტრში განმარტავენ, ამ მონაცემებში შედის სხვადასხვა ცხოველების მიერ ადამიანის დაკბენის ყველა შემთხვევა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევებში ანტირაბიული ვაქცინის გამოყენება სწორედ ძაღლის კბენის შემდგომ გახდა საჭირო.