ბორჯომში 1899 წელს აშენებული ჰესის აღდგენა იგეგმება

723

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი „ბორჯომი ჰესის“ რეაბილიტაციას და ადგილზე სამუზეუმო სივრცის გაკეთებას აპირებს. მანამდე კი კვლევები ჩატარდება. ერთი საუკუნის ჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი “ბორჯომი ჰესის” რეაბილიტაციისთვის, რომელიც ექსპლოატაციაში პირველად 1899 წლის 15 იანვარს შევიდა, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე ტენდერს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაცხადებს. ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ობიექტის სამომავლო სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 11 მეგავატი იქნება, თუმცა ამ და სხვა ყველა პარამეტრს კვლევა დააზუსტებს.

„ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს სექტემბერში უნდა მოვრჩეთ. ზოგადად, ამ ჰესის რეაბილიტაციის პროექტს ჯერჯერობით მხოლოდ ფონდი ახორციელებს და ეს ობიექტი მომავალში, სავარაუდოდ, სახელმწიფოს გადაეცემა. პროექტზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ყველაფერი პირვანდელი სახით აღდგეს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ ოპტიმალური მოდელი შეიქმნება”, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის: “გროს ენერჯი ჯგუფმა” უკვე განახორციელა კვლევა იმის შესახებ, თუ რა ტექნიკური და ეკონომიკური შედეგი დადგებოდა ობიექტის პირვანდელი სახით ამუშავების შემთხვევაში, რამაც გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, აჩვენა, რომ ძველი, ისტორიული პარამეტრებით ჰესის ექსპლოატაციაში შესვლა ეკონომიკურად გამართლებული არ არის, ამიტომ განახლებული პროექტის მოსამზადებლად ფონდი ტენდერს ისევ აცხადებს.

„ბორჯომი ჰესს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ობიექტმა ფუნქციონირება 1950 წელს შეწყვიტა. ჰიდროელექტროსადგური აგებულია მდინარე ბორჯომულაზე. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 140ც.ძ.-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში ფუნქციონირებდა პელტონის ტიპის ორი ტურბინა-გენერატორი, თითოეული 70 ც.ძ. სიმძლავრით.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2018 წლის 19 ოქტომბერს დააფუძნა კომპანია შპს „ბორჯომჰესი“, რომელიც უშუალოდ განახორციელებს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს.