ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სამართლებლივი დავაც გააგრძელონ.
შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ელოშვილის განცხადებით, პროექტით სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ის „ანას ბაღს“ ეხება.
მისივე თქმით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატია, 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ამავდროულად გამგეობა ბაღს 300 კვადრატულს დაუმატებს.
გარდა ამისა, ილია ელოშვილის განმარტებით, ინვესტორი, ასევე, „ანას ბაღის“ თავიდან ბოლომდე კეთილმოწყობას დათანხმდა.
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, ბოლო დღეებია აქცია მიმდინარეობს. აქცია გაიმართა კვირასაც. პარასკევს, 10 იანვარს კი, აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.