საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება, თბილისის მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებსაც ექნებათ

1478

საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებსაც ექნებათ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა, ცვლილებების ინიცირება კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებს უფლებამოსილება არ გააჩნიათ, საჯარო სამართლის იურიდიული პირები შექმნან და ეს უფლებამოსილება მინიჭებული მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს.

რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნოს – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილსა და დასახლებათა ერთობლიობაში, რომლის უფლებამოსილება იქნება, შესაბამის ტერიტორიაზე შემდეგი უფლებების განხორციელება: მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება.

ამასთან, კანონპროექტით, ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების გარდა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიენიჭება უფლება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აგრეთვე მიანიჭოს შემდეგი უფლებამოსილებები: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა.

კანონპროექტით დგინდება ისიც, რომ დასახლებას/დასახლების ნაწილსა და დასახლებათა ერთობლიობას, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ერთობლიობის ფარგლებში კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების საკითხს მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

„ამდენად, კანონპროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე, მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით. ამდენად, მუნიციპალიტეტის მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ადგილობრივი საჭიროებებიდან და მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, განხორციელდება საკუთარი გადაწყვეტილებით და ამ გზით იგი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის შიდა სტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული რეგულირება იმოქმედებს 2030 წლამდე პერიოდში, როგორც დროებითი მექანიზმი. აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფილ იქნას მართვის ეფექტიანობის ამაღლება და გამოცდილების დაგროვება, რაც მუნიციპალიტეტს ნებისმიერი სახის არეალზე მისი უფლებამოსილებების ჯეროვნად, სათანადო დონეზე განხორციელების და ამ უფლებამოსილებების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნავს მთავრობა კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მთავრობის განმარტებით, სამართავი არეალი მუნიციპალიტეტის მიერ დადგინდება მართვის ეფექტიანობის გაზრდის შესაბამისად, სწრაფი ეკონომიკური განვითარების საფუძვლების არსებობიდან გამომდინარე კი, ასეთ არეალებად შესაძლებელია განისაზღვროს ბაკურიანის, გუდაურის, ბახმაროს, ურეკის, უშგულის, აბასთუმნის, თუშეთის ტერიტორიები.