ვარკეთილში, „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. როგორც მათ „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ისინი დაშლას არ აპირებენ და სამშენებლო ტექნიკას „ანას ბაღთან” მისვლის საშუალებას არ მისცემენ.
„ჩვენ აქ ვიქნებით და არ დავიშლებით. სამშენებლო ტექნიკას ბაღთან მისვლის საშუალებას არ მივცემთ. თუ გადაგვივლიან, კი ბატონო”, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ანა ქართველიშვილმა.
ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.
ადგილობრივებსა და კომპანია „გისსონის” დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს.