სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციას 2019 წლის განმავლობაში 989 დევნილმა სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებისთვის მიმართა, – ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
უწყების ცნობით, ერთჯერადი დახმარება სხვადასხვა კატეგორიას გაეწია. მათ შორისაა სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევები.
471 პაციენტმა ისარგებლა ამ მომსახურებით საქართველოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რისთვისაც 77 421 ლარი დაიხარჯა.
ქირურგიული ჩარევა (ადმინისტრაციის მიერ 25% თანადაფინანსებით) ჩაიტარა 198 პაციენტმა;
დახმარება გაეწია 175 მრავალშვილიან ოჯახს 56 900 ლარის ოდენობით;
76 ბენეფიციარმა მიიღო თანხა სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით, 16 350 ლარის ოდენობით;
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირთა დახმარება – ამ ეტაპზე სულ 11 ადამიანი – 3 900 ლარის ოდენობით;
2008 წლის ომში დაღუპულების ოჯახები: დახმარება გაეწია 58 ოჯახს 11 400 ლარის ოდენობით.
“აგრეთვე, სამედიცინო დახმარება გაეწიათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. სულ 2019 წელს 248 პაციენტმა სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება მიიღო თბილისის საავადმყოფოებების სტაციონარებში სახელმწიფო რეფერალური პროგრამის მიხედვით – სულ დაიხარჯა 1 104 956 ლარი”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთლიანობაში ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის ბიუჯეტიდან 2019 წელს ზემოდაღნიშნული დახმარებების შესასრულებლად 209 627 ლარი დაიხარჯა.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის ბიუჯეტი წელიწადში 250,000 ლარით განისაზღვრება. თანხები, დადგენილი კატეგორიის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილების საჭიროებებზე ნაწილდება.