მთავრობამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ის საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში ითვალისწინებს.
“დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ ორი საკითხი, რომელიც შეეხება საქართველოს ინტერნეტიზაციას. პირველი ეს არის სტრატეგია 2020-2025 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ ზოგადად საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში. ასევე სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც ითვალისწინებს 2025 წლამდე მაღალსიჩქარიან, ხარისხიან ინტერნეტზე წვდომას მოსახლეობის უდიდესი ნაწილისა და ორგანიზაციების, ასევე ცოდნისა და უნარების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, დასაქმების ზრდის თვალსაზრისითაც. ჩვენ ასევე გამოვიტანეთ კონკრეტულად „open net”-ის, საქართველოს ინტერნეტიზაციისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელის მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. ამისთვის გარკვეული შესწორებები შევიდა დღემდე მოქმედ განკარგულებაში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ააშენებს ქსელს იქ, სადაც ამის სურვილი და გეგმა არ აქვს კერძო ოპერატორებს.
“ჩვენ არ შევდივართ მათთან კონკურენციაში და პირიქით, ურთიერთშემვსები იქნება ეს ჩვენი საქმიანობა. ასევე ახალი გეგმით, ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა პასუხისმგებლობები და ვადები, თუ ვინ რას აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი იყოს უკვე ამ პროგრამის აქტიური განხორციელების ფაზა. მათ შორის, იწყება მთლიანი დიზაინის შესყიდვა მარეგულირებელ კომისიასთან ერთად. დიზაინი განსაზღვრავს ბიუჯეტს და განვსაზღვრავთ ჩვენს წყაროებს. ძალიან დაინტერესებულია მსოფლიო ბანკი, ვისი მხარდაჭერითაც ზოგადად ხორციელდება ხუთწლიანი სტრატეგია და მათ შორის, მზადყოფნა არის გამოთქმული, რომ „open net”-ის პროგრამაც მათ დააფინანსონ. ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად ჩვენი საკუთარი სახსრებიც ამისთვის, მაგრამ როდესაც განისაზღვრება ბიუჯეტი, შემდეგ განისაზღვრება, გვჭირდება თუ არა დამატებითი წყაროები ამ პროექტის განხორციელებისთვის. ასევე სიახლე არის ის, რომ მშენებლობას ამ პროექტის განახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში არსებული მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამასაც აქვს თავისი ახსნა, იმიტომ, რომ ვინაიდან ეს პროექტი განხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ყველაზე უფრო მეტად გამოცდილი სტრუქტურა, რომელიც წლებია ახორციელებს მსოფლიო ბანკის პროექტებს სახელმწიფოში, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად განხორციელდეს. ასევე გადავწყვიტეთ, რომ პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ უკვე მომავალ წელს შევძლოთ მშენებლობის დაწყება და ეს თანმიმდევრობა, რეგიონები და თვითონ შემდგომი ვადები განისაზღვრება მთავრობასთან შეთანხმებით. ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს ამის კოორდინაციას“,- განაცხადა ნათია თურნავამ.