მესტიის ბიუჯეტი 11.3 მლნ ლარამდე გაიზარდა – რაში დახარჯავს თანხას მუნიციპალიტეტი

1812

მესტიის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 230 ათასი ლარია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს (9 მლნ 238,8 ათსი ლარი) თითქმის 2 მლნ-ით აღემატება.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებს შორის ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებია.

“მესტიის დაბაში სპორტული სკოლის გარემონტება გვინდა, რაც დაახლოებით 6 მლნ ლარი გვიჯდება და ამისთვის 2 მლნ 600 ათასის მობილიზება, პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის უკვე გავაკეთეთ.

ასევე, სოფლებში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაგვარებლად, დაახლოებით, მილიონი ლარის პროექტირების შეძენას ვფიქრობთ. ეს არის პირველი რიგის პრიორიტეტი, რადგან მზარდ ტურიზმს მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ამის შემდეგ, რამდენიმე სოფელში გზის საფარის დაგებას ვგეგმავთ.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ჭუბერში ორი ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ, ისევე როგორც, სოფლების მიხედვით – ხუთი საბავშვო ბაღის აშენებას, რის შემდეგაც ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაგვრჩება და მთელი რაიონის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულებები გვექნება, კაპიტალური მშენებლობებით”, – განმარტა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა.