“ვხვდებით მოკრძალებულად”– ასპინძა ახალ წელს ნაძვის ხის გარეშე იზეიმებს

796

სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, დაბა ასპინძას მთავარი საახალწლო ნაძვის ხე არ ექნება. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მცირე ბიუჯეტი აქვთ, ამიტომ უპირატესობა სოციალური პროგრამების დაფინანსებას მიანიჭეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„ვხვდებით მოკრძალებულად ახალ წელს, როგორც მოკრძალებული რაიონი. საზეიმოდ ნაძვის ხეს მაშინ ავანთებთ, როცა ვიყიდით. წელს სოციალურ პროგრამებს მივანიჭეთ უპირატესობა“, – ამბობს მერის მოადგილე ლევან ბერიძე.

მისი თქმით, ასპინძაში საახალწლო ნაძვის ხე არც წინა წლებში ჰქონიათ, წინასაახალწლოდ მხოლოდ ქუჩები ირთვება: „სამმეტრიან ნაძვის ხეს, 28–29 დეკემბერს სცენას რომ ავაწყობთ იქ დავდგამთ და ღონისძიებაზე [31 დეკემბერს]ავანთებთ. სამომავლოდ ვგეგმავთ შეძენას, სურვილი გვაქვს. ვნახოთ უფრო პრიორიტეტული მიმართულებები დავასრულოთ და მერე ერთის მაგიერ ორს ვიყიდით“.

25 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ სამცხე–ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში აინთო, ესენია ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ნინოწმინდა და ახალქალაქი.