ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ხარჯები გაზარდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
2020 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ მიზნით, 400 000 ლარზე მეტს დახარჯავს, რაც თითქმის 100 000 ლარით აღემატება 2019 წლის ხარჯებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ავტომანქანების ტექდათვალიერებისა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისთვის მერიამ 340 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, 2020 წლის განმავლობაში კი იგივე მომსახურების შესაძენად 429 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თანხის მატება მერიის ავტოპარკის ზრდამ გამოიწვია. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ექვსი ავტომანქანა იყიდა. მათგან ორი 2012 წლის “TOYOTA RAV4”-ია, ოთხი ავტომანქანა კი მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურისთვის შეიძინეს, რომლებსაც გარევაჭრობის, არასწორი პარკირებისა და უნებართვო მშენებლობების მონიტორინგის მიზნით პატრულირებისთვის გამოიყენებენ.