კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატების შექმნა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქვეყნის მასშტაბით ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ხელშეწყობის შესახებ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.
„პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ითვალისწინებს, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით, დაგეგმილია შეიქმნას სრულყოფილი ნომინაციის დოკუმენტი იუნესკოს სამდივნოში წარსადგენად. ბიოსფერული რეზერვატის მიზანია, გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობები დაუქვემდებაროს მწვანე ეკონომიკის წესებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თუშეთისა და ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატების შექმნა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ბიოსფერული რეგიონები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, ის განსაზღვრავს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაარსებობას.
პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა, ხოლო კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.