განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა ჯიქიამ, საკრებულოში ერთი წლის მუშაობის შეჯამებისას აღნიშნა, რომ მათ მიერ 837 ძეგლი აღირიცხა, თანდართულ აღწერილობასთან ერთად, ქრონოლოგიის მითითებით.
მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიმრავლით და ხარისხით საქართველოში, რაც აღნიშნეს კიდეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში.
“სამწლიანი საშუალო განვითარების გეგმა გვქონდა. როგორც კი აღმოჩნდებოდა ახალი ძეგლები, მათი დატანა ხდებოდა, აღწერა, თუ რა პერიოდს განეკუთვნება, სტატუსის მინიჭება. დასრულებული ფორმა აქვს, მაგრამ ბუნებრივია, რუკა მუდმივად განახლებადი იქნება”, – უთხრა ლაშა ჯიქიამ “ლაივპრესს”.
მისი თქმით, ეს ორი რუკა ერთმანეთს ავსებს და ქმნის სურათს ისტორიულ-არქეოლოგიური, სახვითი ხელოვნების ძეგლების შესახებ. იგეგმება დიდ ფორმატში რუკის გამოცემა, სადაც ყველა მოძიებულ ინფორმაციას დაიტანენ.
აღმოჩენებს შორის, განმარტავს, რომ ყველაზე ძველი ძველი, ურთაში აღმოჩენილი გვიანდელი ქვის ხანის მასალებია. აქვთ ასევე ახალი ქვის ხანის მასალებიც რუხში. ლაშა ჯიქიას ცნობით, ქვის ხანის ძეგლებთან ერთად, განსაკუთრებით მრავლადაა წარმოდგენილი გვიან ბრინჯაოს პერიოდის მასალები.
მანვე გვითხრა, რომ მარტის ბოლოს გამოსცემენ წიგნს – “ერგეტის კულტურული მემკვიდრეობა”. აქ საუბარი შეეხება იმას, რომ სოფელი თავის დროზე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, სადაც არაერთი არქეოლოგიური ძეგლია თავმოყრილი.
ლაშა ჯიქიას განმარტებით, ასევე საინტერესოა ჯიხაშკარი მიმდებარე ტერიტორიებით, რომელიც გამოირჩევა წარმართული და ქრისტიანული ხანის სარიტუალო-საკულტო ნაგებობებით.
მერიის წარმომადგენელი არანაკლებ საინტერესოდ მიიჩნევს გრიგოლიშს და ყულიშკარს და მათ მეზობელ სოფლებსაც.