მარნეულის მერია 2020 წელს მგზავრთა გადაყვანისთვის 38 135 ლარს დახარჯავს

572

2020 წელს მგზავრთა გადაყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მომსახურეობის შესყიდვისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მარნეულის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს, ტენდერში არის დათქმა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ მარნეულის მერიის მოთხოვნის საფუძველზე მგზავრთა გადაყვანა 34 600 კილომეტრის ფარგლებში უნდა განახორციელოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აღნიშნულ მომსახურეობაში 38 135 ლარის გადახდას გეგმავს.

მარნეულის მერიამ ტენდერი 16 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 22-დან 24 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.