რიკოთზე, 30-კილომეტრიანი გზის ასაშენებლად საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 278 მლნ დოლარის სესხს იღებს

700

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 278 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, კერძოდ კი რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანსა და არგვეთას შორის დაახლოებით 30 კმ სიგრძის მთავარი და მეორადი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის.

რიკოთის უღელტეხილზე, აღნიშნულ მონაკვეთზე, საშუალოდ ერთი კილომეტრის გზის მშენებლობა $9,267 მილიონი დოლარი ანუ 27.5 მილიონი ლარი დაჯდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მეორე დერეფნის ნაწილია საქართველოს ეკონომიკის სასიცოცხლო არტერიაა. ის ქვეყნის საერთაშორისო საგზაო ქსელის 30%-ს წარმოადგენს, ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის 60%-ის გამტარია და დღეში დაახლოებით, 13,000 მანქანას ემსახურება. საგზაო ქსელი მთავარი რგოლია საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად დასამკვიდრებლად ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის ვაჭრობისა და კომერციისთვის და ასევე საქართველოს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ჩამოსაყალიბებლად.

“საიმედო საგზაო ქსელი აუცილებელია, რათა საქართველომ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს თავისი უნიკალური, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მდებარეობისგან”, – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის ტრანსპორტის უფროსმა სპეციალისტმა ვალერი ლისაკმა. მისივე თქმით, „ეს პროექტი ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკას გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით გზებსა და მაგისტრალებზე, რაც დააჩქარებს ქვეყნის განვითარებას”.

“საქართველოს მთავრობამ 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად გზების გაუმჯობესება დაისახა და ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის 72% ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართა. მთავარი რეგიონული გზების გაუმჯობესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საქმიანობას. ასევე პრიორიტეტულია საგზაო უსაფრთხოება. გასულ წელს საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 12.3 შემთხვევა იყო, რაც განვითარებული ქვეყნების სტატისტიკას მნიშვნელოვნად აღემატება.

ADB-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი დაეხმარება შორაპანსა და არგვეთას შორის 14.7კმ-იანი მეტწილად ახალი მდებარეობის მქონე, დაცული, ოთხზოლიანი სავალი ნაწილის მშენებლობას. ეს ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. პროექტის ფარგლებში ასევე გაუმჯობესდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალთან დაკავშირებული 15კმ სიგრძის მეორადი გზები. გზებზე მოეწყობა მოსასვენებელი სადგურები და სრულად აღჭურვილი იქნება ხანდაზმულების, ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებებისთვის. მოეწყობა გზისპირა სავაჭრო დახლებიც, რომელთა 50% ქალების მიერ მართულ ბიზნესებზე გაქირავდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად, პროექტი ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას გზისპირა სოფლების მაცხოვრებლებისა და სკოლებისთვის. ზედმეტი სიმძიმის მქონე სატვირთო მანქანების მიერ გზის საფარის დაზიანების თავიდან ასაცილებლად გზაზე დაინერგება 38 მოძრავი და ერთი საგზაო-სამონტაჟო სასწორი. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წლის ბოლოს”, – ნათქვამია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.