კალაძე: მიზანმიმართული სიცრუეა, თითქოს 14 დეკემბრის ღონისძიებაზე ხალხი ძალდატანებით მიგვყავს

562

ეს არის „ნაცმედიის“ პროპაგანდა და სიცრუე, – ასე პასუხობს თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ბაღების დირექტორებს მმართველი პარტია კონკრეტული რაოდენობის ადამიანების მიყვანას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გათავისუფლებით ემუქრებიან.

როგორც კალაძე აცხადებს, მმართველი პარტია მისი მხარდამჭერების რაოდენობის დემონსტრირებას არ ცდილობს.

„15 ადამიანი ბაღში საერთოდ არ მუშაობს, რეებზე მელაპარაკებით?! მიზანმიმართული სიცრუეა, თითქოს 14 დეკემბერს ძალდატანებით მოგვყავს ხალხი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. 14 დეკემბერს არავინ არავის ავალდებულებს რამეს, ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაცია აკეთებს და ყველანი ვუერთდებით. ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერს, ვისაც სურვილი აქვს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს, ვინ გვგულშემატკივრობს, ყველას ვიწვევთ.

როგორ შეიძლება საზოგადოებას აჩვენო თუ რამხელა მხარდაჭერა გვაქვს, ეს ხომ ისედაც ვიცით, რომ მმართველ პარტიას ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს? როგორ შეიძლება გავატოლოთ ერთმანეთს 32 პარტიის მიერ მოყვანილი 5 ათასამდე ადამიანი და ის ღონისძიება? არანაირ გატოლებაზე არ არის საუბარი. უხერხულიც კი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამაზე აქცენტების გაკეთება. მხარდაჭერა მხოლოდ იმით არ იზომება, რომ ადამიანები გამოდიან და ქვეყნის განვითარებას გულშემატკივრობენ. გულშემატკივრობენ ევროიტეგრაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა დასძინა, რომ ღონისძიება პარტიულია და მასზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიწვეულები არ არიან.

„ეს არის პარტიული ღონისძიება და დიპლომატიური კორპუსის მოწვევა არასწორი ქინებოდა ჩვენი მხრიდან. დიპლომატიური კორპუსისთვის იქნება სხვა ღონისძიება, სადაც მოვიწვევთ“, – განაცხადა კალაძემ.

10 დეკემბერს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია თბილისში მასშტაბურ აქციას მართავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ “ოცნების” ჩინოვნიკები რეგიონებში საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თბილისში აქციაზე წასვლას აიძულებს.