მარნეულში 2020 წლის საახალწლო ღონისძიების ორგანიზება წინა წელთან შედარებით 35 100 ლარით მეტი ეღირება

992

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების მომსახურეობის შესყიდვას 49 150 ლარად გეგმავს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 6 დეკემბერს, გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაში შედის საკონცერტო სცენის, განათებების და გახმოვანების მოწყობა, 4 წუთიანი ფოიერვერკი ახალი წლის ღამეს, დრამების 30 წუთიანი პროგრამა კოსტუმირებული შოუთი, „ცეცხლოვანი პროგრამა“ არანაკლებ 10 წუთის განმავლობაში, სანტას და ელფების კოსტუმების შესყიდვა, საახალწლო ქოხის დაქირავება და ღია სარეკლამო ავტობუსის მომსახურეობა.

ტენდერში ასევე განსაზღვრულია ის პირობები, რომლებსაც საახალწლო კონცერტისათვის დაქირავებული მომღერლები უნდა აკმაყოფილებდნენ. ბენდის წევრთა რაოდენობა, რომელიც ახალი წლის ღამეს მარნეულელებისათვის დაუკრავს, 5 ადამინს უნდა შეადგენდეს რომელთა შორის 4 ბიჭი და ერთი სოლისტი გოგო უნდა იყოს. ბენდს უნდა ჰქონდეს არსებობის 4 წლიანი გამოცდილება, მინიმუმ უნდა გააჩნდეს 3 საავტორო სიმღერა და ერთ-ერთ სიმღერას youtube-ზე არანაკლებ 4 000 000 ნახვა უნდა ჰქონდეს. ტენდერში დეტალურად არაა განსაზღვრული თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მომღერალი, ერთადერთი რისი გაგებაც შესაძლებელია არის ის, რომ მომღერალი აზერბაიჯანული სიმღერების პოპ შემსრულებელი უნდა იყოს.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ტენდერში ასევე შედის არანაკლებ 70 ბავშვის შემადგენლობის კაპელა, რომელიც 30 წუთიანი პროგრამას, 24-დან 27 დეკემბრამდე პერიოდში, შეასრულებს.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიების წამყვანებს, ტენდერის მიხედვით, ქალი წამყვანი უნდა იყოს 35 წლამდე, მსახიობი და უნდა ჰქონდეს ტელევიზიაში რომელიმე გადაცემის წაყვანის გამოცდილება. კაცი წამყვანი, ქალის მსგავსად, 35 წლამდე ასაკის უნდა იყოს, აზერბაიჯანულე ენის კარგად მცოდნე და მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას 2019 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 14 050 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, წელს კი მერიამ ტენდერის ღირებულება დაახლოებით 3,5-ჯერ გაზარდა.