ქარსელაძე: მაგისტრალზე ნაზუქით, ყავით და თიხის ნაკეთობებით მოვაჭრეებისთვის სიახლეები იგეგმება

749

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენიმე სიახლის შესახებ ისაუბრა.

ქარსელაძის თქმით, მაგისტრალზე ნაზუქით, ყავით და თიხის ნაკეთობებით მოვაჭრეებისთვის სიახლეები იგეგმება.

„სურამის მახლობლად, ახალ გზასთან შესაბამისი მოედანი მოეწყობა, სადაც საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით მიეცემათ ახალი შესაძლებლობა ადამიანებს, რომლებიც გზის პირას ნაზუქებით ვაჭრობენ. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, განავითარონ თავიანთი ბიზნესი და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ.

ასევე, სოფელ შროშასთან, სადაც ახალი გზა გაივლის, მოეწყობა დაახლოებით ხუთი ათასი კვ.მ. ფართობის სივრცე, სადაც ყველა შესაძლებლობა იქნება, რომ ადამიანებმა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. სოფელ შროშაში მზადდება პროდუქცია, რითაც ისინი ვაჭრობენ და მისი სოფელთან დაახლოება კიდევ უფრო გაუმარტივებს მათ საქმიანობას.

ანალოგიურად, სიახლე არის გათვალისწინებული ზესტაფონში, სადაც ჩამოყალიბებულია უკვე ე.წ. ყავების უბანი. ახალ გზასთან ასევე მოეწყობა შესაბამისი მოედანი, სადაც ბევრად უფრო ეფექტურად და საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით შეეძლებათ ადამიანებს მუშაობა. ასევე, საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე, კერძოდ ორ ლოტზე. აქაც მონიშნულია ის მდებარეობა, სადაც იქნება შესაძლებელი, ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კომერციულ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.