სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი”, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6- დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.