ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
“ვერ შეგვაჩერებთ” – ასე ეწოდება აქციას, რომელიც ქუთაისში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქართული ოცნების აგრესიული აქტივისტები და საჯარო მოხელეები რამდენჯერმე დაესხნენ თავს ოპოზიციური პარტიის ოფისს.
მსვლელობა 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და ის აღმაშენებლის მოედანზე, ქუთაისის მერიასთან დასრულდება, სადაც აქცია გაიმართება და ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ. აქციის გამო გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა.
აქციის დაწყებისას, კიკვიძის პარკში მცირე ინციდენტი მოხდა. უცნობმა ადამიანმა „ახალი საქართველის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართულებით ბოთლი ისროლა.
აღნიშნულს მოჰყვა აქციის მონაწილეთა გაღიზიანება, რის შემდეგაც უცნობმა პირმა ტერიტორია დატოვა.
ასევე, ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან აქციის მონაწეილეების მისამართით კვერცხებიც ისროლეს.
“დღევანდელი აქციის მიზანია პროპორციული არჩევნები და ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და ოლიგარქატის ისტორიის საგანგვეში ჩაბარება, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძემ შეფასება გააკეთა იმ ინციდენტებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც ოპოზიციის წევრებთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი.
„დღესაც, ხვალაც და ზეგაც იქნება პროვოკაციები, რადგან ამ ე.წ. ხელისუფლებას სხვა არაფერი შეუძლია: არც განვითარება, არც შენება, არც განათლება, არც ჯანდაცვა, არც ბიუჯეტი – არაფერი შეუძლიათ გარდა იმისა, რომ მუდმივად მოუწყონ საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციები. თვითონ ეს ხელისუფლებაა 2012 წლიდან პროვოკაცია,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ქუთაისში აქცია დაახლეობით 1 კვირის წინ დაიგეგმა, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრაზე. გარდა ამისა, ოპოზიცია კვლავაც გეგმავს საქართველოს პარლამენტის პიკეტირებას, როდესაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები განახლდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.
გასული დღეების განმავლობაში ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზციის ოფისთან “ქართული ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომელთა შორის ოპოზიციის ცნობით, საჯარო მოხელეებიც არიან, ორი აქცია გამართეს და შენობას კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს.