ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორ დაცლილ სოფელში, გვერდის უბანსა და ვარდევანში, სადაც მხოლოდ შვიდი ოჯახი ცხოვრობს მზის ელექტროსადგურები დადგეს. ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გუჯარეთის ხეობის, ორი სოფლის მცხოვრებლები ელექტოენერგიას პირველად მიიღებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება დაახლოებით 100 000 ლარი დაჯდა.
“ამიერიდან ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ. ხეობის სოფლები დიდი ხანია დაცლილია მოსახლეობისგან. ინიციატივა იმოქმედებს მოსახლეობის დამაგრებასა და ადგილზე სოფლის მეურნეობის განვითრებაზე”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მზის პანელები 87 სოფლის 178 ოჯახში გაკეთდება.
მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს. დახმარების ფარგლებში ხდება საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის დაქირავება, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს პანელების დამონტაჟების ზედამხედველობას, ოჯახების ინფორმირებას პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ. პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები.
მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.ეს არის საქართველოს მთავრობის მეორე ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.