ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 15–მდე ოჯახის ძველი საკანალიზაციო სისტემის შეცვლას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამორტიზებული საკანალიზაციო ქსელის გამო, მათი ეზო ფეკალური მასებით იტბორება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ოთხი შვილიშვილი მყავს ოთხივე მოიწამლა და საავადმყოფოში ვუმკურნალეთ. არ მახსოვს უკვე რამდენი წელია, რაც ასე ვწვალობთ. ახალციხის მერიასაც მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართეთო“ , –ამბობს ჟენია ხაჩატურიანი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემა მათ ეზოში არასდროს შეცვლილა.
“ყოველ მეორე დღეს იჭედება და გადმოდის. ამ ბოლოს ცენტრალური მილი გამოცვალეს, ჩვენი კი არა“, – ამბობს მამუკა ბერიძე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა ბესო ფილაურმა განაცხადა, რომ დიდიმამიშვილის ქუჩაზე არსებული პრობლემის შესახებ, მას ინფორმაცია არ ჰქონდა: „ადგილობრივები დამიკავშირდნენ და საკითხში გავარკვევთ“.
მისი თქმით, 2020 წელს ახალციხეში საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის შეიცვლება დიდიმამიშვილის N26–ში მოძველებული საკანალიზაციო სისტემა, ჯერ უცნობია.