გახშირებული პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყნისთვის სახიფათო ფორმებს იღებს, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“ბოლო პერიოდში თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები უპირისპირდებიან. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ყველა შემთხვევის დროს დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი ბოლომდე ვერ ან არ ახერხებდა მდგომარეობის განმუხტვას. მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, რომელთა შორისაც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებიც იყვნენ, დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევა, თუმცა პოლიციას მათზე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის არ დაუკავებია ის პირები, რომლებმაც ღიად იძალადეს კონკრეტულ ადამიანებზე.
მომხდარი დაპირისპირების ფაქტები პოლიტიკური პროცესების უკიდურესი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. „ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და საჯარო მოხელეების მობილიზების, ასევე, პოლიციის არასაკმარისი პრევენციული ღონისძიებების ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო ძლიერდება.
სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების მობილიზება გრძელდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, პროტესტის გამოხატვის დროს არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან და თავი შეიკავონ აგრესიული კონტრაქციებისგან. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად უზრუნველყოს საპროტესტო აქციების მონაწილეების უსაფრთხოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა სამართალდამრღვევი”, – ნათქვამია განცხადებაში.
წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდში პოლიტიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებების დეტალებს:
22 ნოემბერი – ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ საკუთარი მხარდამჭერები ზუგდიდში შეკრიბა. მათ შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი და მოქმედი წევრები „ქართული ოცნებიდან” და მუნიციპალური ა(ა)იპის თანამშრომლები, რომლებმაც ოპოზიციის აქტივისტებს ქვარაიას ბიუროში შესვლის საშუალება არ მისცეს. ბიუროს თანამშრომელმა გამოცემა „ლაივპრესს” უთხრა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერები საკუთარი სურვილით შეიკრიბნენ.
ასეთივე ვითარება იყო 22 ნოემბერს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან, სადაც „ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომლები ოპოზიციონერ აქტივისტებს დილიდან ელოდნენ.
ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესასვლელთან სპორტსმენები შეიკრიბნენ. პარლამენტის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან” და სპორტსმენი მუხრან ვახტანგაძე ამბობდა, რომ საკუთარი თანამოაზრე სპორტსმენები ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ე.წ. ბოქლომების აქციის შესაჩერებლად შეკრიბა.
28 ნოემბერი – გორი, ბათუმი
28 ნოემბერს გორში „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატების მხილების კამპანიის ფარგლებში, აქცია გამართა. აქტივისტებზე ადრე ტერიტორიაზე გორის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე და წევრები, ასევე, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ა(ა)იპის თანამშრომლები მივიდნენ. რადიო „მოზაიკის” ინფორმაციით, საგანგებოდ ამ დღისთვის აღნიშნული იურიდიული პირის 12-მა თანამშრომელმა შვებულების გასაფორმებლად განცხადება დაწერა, თუმცა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან გათავისუფლებულები ელისაშვილის აქციის ტერიტორიაზე სამსახურის კუთვნილი ავტობუსით მივიდნენ.
გორში მიმდინარე ამბების პარალელურად, ბათუმის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, რომ სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, და ვიდრე ხელისუფლება პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სხდომებს არ დაესწრებიან (გარდა მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებელი სხდომისა, რომელიც დეკემბერში გაიმართება).
ფრაქციის აღნიშნული ბრიფინგის პარალელურად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესასვლელთან ხელისუფლების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ოპოზიციის მტკიცებით, მათ შორის მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებულები და სპორტსმენები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, „აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის” წარმომადგენელმა, გოჩა შავაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ საკრებულოს სხდომაზე დასწრებას დღის წესრიგით სპორტთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გამო აპირებდნენ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაარკვია, რომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ჩამოთვლილი 14 საკითხიდან არცერთი არ ეხებოდა სპორტულ პროგრამებს და სპორტულ ინფრასტრუქტურას.
29 ნოემბერი – ქუთაისი
29 ნოემბერს ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების” ოფისზე ბოქლომის დადების მცდელობას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს. გამოცემა „ქუთაისი პოსტმა” აქციის მონაწილეებში თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები და მუნიციპალური ა(ა)იპების თანამშრომლები ამოიცნო.
1 დეკემბერი – ქუთაისი
1 დეკემბერს ქუთაისში მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიის შენობაში შეჭრა სცადეს, მანამდე გაიმართა მსვლელობა ლოზუნგით „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება”. შეჭრის მცდელობისა და შენობის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
2 დეკემბერი – თბილისი, მცხეთა
2 დეკემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის თვითმმართველობებს სტუდენტების შეკრება დაავალა. როგორც სტუდენტების მიერ მიღებული სატელეფონო შეტყობინებებიდან ირკვევა, თბილისში ორბელიანის მოედანზე დაგეგმილი შეკრების მიზანი ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავ კონცერტზე დასწრება იყო.
კონცერტის პარალელურად, „ქართული ოცნების” ოფისთან იმართებოდა სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას” და „გაბედეს” საპროტესტო აქციები. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სტუდენტური შეკრება მიზნად არ ისახავდა კონტრაქციის გამართვას, ახალგაზრდების აგრესიულად განწყობილი ჯგუფი აღნიშნული სამოქალაქო მოძრაობების წევრებთან სწორედ კონცერტის ტერიტორიიდან მივიდნენ.
როგორც მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, პარტიის ოფისთან მობილიზებულმა პოლიციამ არათუ ვერ აღკვეთა, კონცერტის მიმდებარე ტერიტორიიდან აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფის საპროტესტო აქციის ტერიტორიაზე შეღწევა, არამედ კორდონიც კი არ მოაწყო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, შედეგად ფიზიკურ კონფრონტაციას „სირცხვილიას” 5 აქტივისტის საავადმყოფოში გადაყვანა მოჰყვა სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, პოლიციას დაპირისპირებაში მონაწილე არცერთი ახალგაზრდა არ დაუკავებია, კორდონი კი მხოლოდ დაპირისპირების შემდეგ მოაწყო.
ხმაური და დაპირისპირება იყო მცხეთაშიც, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, სადაც საპროტესტო აქციას მართავდნენ მოძრაობა „გაბედეს” წარმომადგენლები. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტებს ხუნდაძის ბიუროსა და მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ, ფიზიკურ კონფრონტაციაში ჩაერთვნენ თანამდებობის პირებიც, პოლიციამ კი მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობის 7 წევრი დააკავა, ამავე მოძრაობის 2 წევრი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერი აქციაზე ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.
3 დეკემბერი – ზუგდიდი
3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან“ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა ძირითად ნაწილს მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომლები შეადგენდნენ, აქციაში ასევე მონაწილეობდა ზუგდიდის საკრებულოს წევრი ჯონი ჯიქია. პროცესში ჩართული იყვნენ ზუგდიდის მერის წარმომადგენლები: ედემ კეკუტია, ირაკლი თორდია და ზაზა ხუბუა.
შეკრებილებმა „ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები, ცოცხები, ყავარჯნები და კასრები ესროლეს, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე ჩაიმსხვრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შუშები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მათ პოლიცია მოსალოდნელი აქციის შესახებ წინასწარ ჰყავდათ დაუწყებული, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე აქციის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარის მინების ჩამსხვრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.