სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ “ხელი ხელს” თბილისში ჩურჩხელების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიება რესტორან “ეზოში” გაიმართა და მას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.
სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ამოევლოთ კახური ტრადიციული წესით დამზადებული ჩურჩხელები, დაეგემოვნებინათ თათარა და ნატურალური თაფლი.
გამოფენა-გაყიდვაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი სუვენირები, საახალწლო თემატიკის ნივთები, ნაქსოვი პროდუქცია და ნაძვის ხის სათამაშოები. დამთვალიერებლებისთვის გამოფენილი იყო საოჯახო ტიპის საცხოვრისებში მყოფი ადამიანების ფოტოები.
ორგანიზაცია “ხელი ხელს” ეკოლოგიურად სუფთა ჩურჩხელების გაყიდვას აგრძელებს. შეგროვილი თანხა ახალი საცხოვრისის მოწყობას უნდა მოხმარდეს, რომელიც დამატებით 5 ადამიანს მისცემს საშუალებას, დიდი ზომის დახურული ინსტიტუციის ნაცვლად საზოგადოებაში, ოჯახურ გარემოში იცხოვროს.
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელი ხელს” 2011 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. ორგანიზაცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას საოჯახო საცხოვრისის სერვისით, მათ გაძლიერებას და დამოუკიდებლობის ხელშეწყობას.