რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობა იგეგმება

22980

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი მოეწყოს.  საუბარია მდინარე რიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზე, რომელიც ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, 10-ზე მეტ სამთო-სათხილამურო საბაგირო გზას იტევს. როგორც რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ამ ტერიტორიების შესაძლებლობებით დაინტერესება ფრანგმა ინვესტორებმაც გამოთქვეს.

„ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის სათხილამურო ტურიზმის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ეს არის ამბროლაურიდან 18 კილომეტრში, ორი მესამედი ლენტეხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და დანარჩენი ამბროლაურს.  სივრცითი მოწყობის გეგმაში სრულად არის მოცემული ამ მთის მასივის შესაძლებლობები.  ამჟამად შეთავაზებები დაწყებულია ბიზნესთან,  დაინტერესება არის ფრანგების მხრიდან და რამდენიმე ჯგუფი იყო ჩამოსული. კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერჯერობით არავისთან მიმდინარეობს, თუმცა რესურსი დადასტურებულია და მოწონებულია,“  – ამბობს რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

აქტიური სამთო-სათხილამურო კლასტერი წარმოდგენილია მდინარე რიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზე, რომელიც მოიცავს 1700 ჰექტრამდე სამთო-საკურორტო ტერიტორიას, 10-ზე მეტ სამთო-სათხილამურო საბაგირო გზას, 30-ზე მეტ სასრიალო ტრასას (საერთო სიგრძით 40 კმ-მდე) კარგი სასრიალო-კომერციული ბალანსით, რომელიც ემსახურება ერთდროულად 10 000-მდე მოსრიალეს. – ნათქვამია ამბროლაურის სივრცითი მოწყობის დოკუმენტში.

თავისუფალი/ველური სამთო-სათხილამურო ხასიათის აქტიური კლასტერების პოტენციურ არეალებად მიიჩნევა ქაჯიანის ზონაც.სხვა, ტექნიკურად მიმზიდველი არეალები კი განკუთვნილია სათავგადასავლო და სამთო-ტურისტული საქმიანობებისთვის.