„ოპოზიციის შენიშვნები ჩვენამდე არ მოსულა“ – ქუთაისის მერია ბიუჯეტის პროექტს აკორექტირებს

559

ქუთაისის მერია ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებზე მუშაობს, თუმცა, აღმასრულებელი დოკუმენტში მხოლოდ უმრავლესობის შენიშვნებს გაითვალისწინებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  

საკრებულოს ოპოზიციას პროექტის კომისიურ და ფრაქციულ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, მათ დოკუმენტის მიმართ არც რეკომენდაციები მოუმზადებიათ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები თავს იმით იმართლებენ, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო დრო არ ჰქონდათ.

რაც შეეხება უმრავლესობის შენიშვნებს, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ დეპუტატებს, ძირითადად, ტექნიკური შესწორებები აქვთ, რაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

„ტექნიკური ხასიათის შენიშვნებია, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ბიუჯეტის პროექტზე ვერ მოახდენს. ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურაზე იყო ხარჯების გაზრდის მოთხოვნა. ზოგიერთ საკრებულოს წვერს აქვს იდეები, რომლებსაც განვიხილავთ და 10 დეკემბრამდე გადავუგზავნით. რაც შეეხება ოპოზიციას, დაბრუნებულ ბიუჯეტში მათი  შენიშვნები ჩვენამდე არ მოსულა“, – ამბობს დავით ნიშნიანიძე.

შენიშვნების შინაარსთან დაკავშირებით, საფინანსო სამსახურის უფროსის შეფასებას არ ეთანხმება უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი. როგორც აღმოჩნდა, წინა წლისგან განსხვავებით, თითქმის ყველა კომისია თანხის გაზრდას ითხოვს.

„შემცირებულია თანხა გარკვეული მიმართულებებით,  რისი საფუძველიც,   შესაძლოა, არ არსებობდა და ჩვენ  იმ მომენტში ეს  ვერ დავინახეთ. ამიტომ,  კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ წარმატებული ქვეპროგრამები, რომლებშიც თანხა იყო მოკლებული, დაბრუნებულიყო მინიმუმ იმ ნიშნულამდე, რაც წინა წლებში იყო“,- ამბობს  საკრებულოს კულტურისა და ახალგაზრდულ სქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე.

თანხის დამატებას ითხოვს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიაც. კომისიის ხელმძღვანელი, გიორგი ჭეიშვილი ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია სანიაღვრე სისტემის დაფინანსება.

„სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის თანხა არის ნაკლები, თუმცა, მოვუსმენთ  აღმასრულებელს და  შესაძლოა,  პასუხი იყოს არგუმენტირებული თუ რატომ მოაკლდა ეს თანხა.  კატასტროფულად შემცირებული არ არის, მაგრამ  ვფიქრობ,  საჭიროა იყოს იმდენი,  რაც იყო წინა წელს. ასეთი მცირე შენიშვნები ყველა კომისიას აქვს“,- განაცხადა  გიორგი ჭეიშვილმა.

400 000 ლარით ითხოვს ბიუჯეტის გაზრდას საფინანსო სამსახურიც, რაც სამსახურის წარმომადგენელთა თქმით,  კორპუსების კეთილმოწყობის პროექტების მოსამზადებლად არის საჭირო.

არ გაზრდილა მრავალშვილიანი დედების პროგრამის ბიუჯეტი.

შემცირებული თანხების ფონზე შედგენილი ბიუჯეტით კმაყოფილია მერის მოადგილე, იუზა უგულავა. იგი დარწმუნებულია, რომ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება.

„ბიუჯეტი გაზრდილია დაახლოებით 7 მილიონი ლარით  და ძირითადად, ეს აისახება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თითქმის ყველაფერი იქნება გაზრდილი. სოციალურის კუთხითაც, მაგრამ მაქსიმალურად დაფინანსებული იქნება ინფრასტრუქტურა“, –  აცხადებს იუზა უგულავა.

საკრებულო ახლა კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მოლოდინშია, რომელიც აღმასრულებელმა 10 დეკემბრამდე უნდა დააბრუნოს. ამის შემდეგ დეპუტატებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანონ. ჯერჯერობით,  უცნობია ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ოპოზიცია.

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 მილიონი ლარია.