ვინ არის ბიჭი, ვინც სტრასბურგში მოძრავი ტრამვაი ქართული ანბანით მოხატა

2885

ახალგაზრდა ბიჭი, რომლის მიერ დახატული უნიკალური ქართული ანბანი მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ევროპის პოლიტიკურ დედაქალქში იმოძრავებს, რუსთაველი კალიგრაფი, 19 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია.

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში სწორედ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ შექმნილი ქართული ანბანის კალიგრაფიებით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს.

ნიკოლოზ ღუნაშვილი კალიგრაფიით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება რუსთაველი პედაგოგების დახმარებით შეძლო. ის ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული კონკურსის – “კალიგრაფიის მარგალიტები” – არაერთგზის გამარჯვებულია. ქართული ანბანის ახალი და განსხვავებული მოხაზულობების გარდა, ნიკოლოზი კალიგრამებსაც ქმნის, ის უამრავი საინტერესო პროექტის მონაწილეა.

ნიკოლოზ ღუნაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს.

რუსთაველ კალიგრაფს გუშინ რუსთავის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდნენ. მერმა მას თანამშრომლობა და მერიაში ერთთვიანი სტაჟირების გავლის შემდგომ, მისი სურვილისამებრ შერჩეულ ერთ-ერთ სამსახურში დასაქმება შესთავაზა.

27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სწორედ ამ ფაქტს ეძღვნება სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით მოხატული ტრამვაის გამოჩენა.