თბილისის თითოეული მოქალაქე დღეს გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება, იქმნება და როგორ უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები დასტურია იმის, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია.
„დარწმუნებული ვარ, კახა კალაძემ ყველაზე უკეთ იცის რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გააჩნია ქალაქის წინაშე,“ – განაცხადა გახარიამ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
კახა კალაძემ 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მადლობა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, მთავრობის მეთაურს, ბატონ გიორგი გახარიას, თბილისელების სახელით, იმიტომ რომ, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი, – განაცხადა კალაძემ.