რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა 2 წლის განმავლობაში – თბილისის მერმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა

716

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. 

“პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობით აგვირჩიეს და უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შევუდექით. ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ყველას აინტერესებს, თუ რა იქნება ხვალ – როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი. იმისთვის, რომ ქალაქში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელო, მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტი”, – თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თბილისელების სახელით
მადლობა გადაუხადა, რადგან მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი რეკორდულ
მაჩვენებელს აღწევს.

“მომავალი წლის პროექტებისთვის, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონ ლარს დავხარჯავთ. 2020 წლის ბიუჯეტი 300 მილიონი ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 300 მილიონი ლარით მეტი ღირებულების მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. მინდა, ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო, რადგან ურთიერთთანამშრომლობით, საინტერესო პროექტები უკვე განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, –  აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. 

“ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ქალაქში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გპირდებით, რომ გამოწვევებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. ბიუჯეტის დაახლოებით, 27-28% მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. ჩვენ წამოვიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და დღეს ცხრა მოქალაქე, რომელმაც ამ პროგრამით ისარგებლა ჩვენს ღონისძიებას ესწრება. მინდა, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ამ ადამიანებს. ჩვენ ყველას გვერდში დავუდგებით. არავინ არასდროს მიგვიტოვებია. არასდროს დაგვიყვია საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით და ვეხმარებით ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალში“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში კაპიტალურად შეაკეთა და მოაწესრიგა 80 ქუჩა, გამზირი და აღმართი.

“თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩა, გამზირი და აღმართის მოწყობა/რეაბილიტაცია განახორციელა. აღნიშნული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 781 205 მ2  ფართობის გზის საფარი. 

ამასთან, დასრულდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები: შარტავას ქუჩა, სარაჯიშვილის გამზირი, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლები, ნოდარ დუმბაძის გამზირი, პეტრიწის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, ფალიაშვილის ქუჩა. ლეხ კაჩინსკის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, ჩიქოვანის ქუჩა და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები. 

ამჟამად ხორციელდება კახეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა. 

საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 2-წლიან პერიოდში ბიუჯეტიდან 45 294 000 ლარი დაიხარჯა. 

დასრულდა სატრანსპორტო კვანძი კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძი გელოვანი-სარაჯიშვილის გადაკვეთაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე N83-ის მიმდებარედ არსებული N50 შახტის  გადახურვის სამუშაოები, სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარედ წყალსადენი ქსელის, რკინა-ბეტონის გაბიონების და გარშემოსავლელის მოწყობა, მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, ჭიჭინაძისა და თავისუფლების ქუჩაზე სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და აღდგენა. 

მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდზე ასასვლელი პანდუსის რეაბილიტაცია, ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

20 458 779 ლარი დაიხარჯა 109 ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გამაგრებაზე, ხოლო 4 345 000 ლარი ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობაზე. 

კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან  14 052 000 ლარი დაიხარჯა, რაც ითვალისწინებდა „მშვიდობის ხიდის“, ასევე, გმირთა მოედანზე მემორიალური სვეტისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობას; ვარდების მოედანზე 300 წლის ზეთისხილის ხის ირგვლივ არსებული ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოპირკეთებას, დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენას, მისამართების აღმნიშვნელი აბრების დამზადებას და მონტაჟს; საფეხმავლო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს; კლდეებიდან ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის და ჩამოშლილი კლდოვანი გრუნტის მასის გასუფთავება-გატანის სამუშაოებს და შადრევნების მოვლა-პატრონობას”, – აღნიშნა თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას.