თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა ორ ძირითად მიმართულებას მოხმარდება – ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებასა და ჯანდაცვასა და სოციალურ პროექტებს.
„რაც ჩვენ ოფიციალურად შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, მას შემდეგ ყოველწლიურად ჩვენი ბიუჯეტი იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ისევ ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს ქალაქში, გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ ამას არ უნდა შევუშინდეთ, პირიქით, ჩვენი ენთუზიაზმით, ჩვენი შემართებით მივუდგეთ, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ ჩემი თითოეული თანამშრომლის მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ შემართებით ჩვენ შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქს.
მე ვსაუბრობდი თანხების მატებაზე: 2018 წელს ბიუჯეტი იყო 920 მილიონი ლარი. 2019 წელს ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონი იყო, ხოლო 2020 წელს დასახარჯი თანხები იქნება დაახლოები მილიარდ 300 მილიონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანხა და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ქალაქის მიმართულებით. ვიმეორებ, არის ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება – ეს არის ქალაქის ინფრასტრუქტული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ადამიანი და ბევრი ოჯახი, რომელსაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახს გვერდში დავუდგეთ, რომ მათ მოახერხონ გამართულად ცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.