გამჭვირვალობა: ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია ბათუმის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს

820

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის შპს აჭარაგანათება, რომელიც ბათუმის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა.

TI-ს ინფორმაციით, კომპანიამ მორიგი ტენდერი მოიგო საშობაო-საახალწლო განათებებზე, რადგან ის კონკრეტულად მათზე იყო მორგებული.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მოითხოვა, რომ პრედენდენტს 2016-2019 წლებში 1,5 მილიონი ლარის გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციისა და მონტაჟის სამუშაოები ჰქონოდა შესრულებული, მათ შორის არანაკლებ 700,000 ლარის საახალწლო განათების სამუშაოები, რასაც აჭარაში მხოლოდ ეს კომპანია – „აჭარგანათება” აკმაყოფილებდა. ტენდერშიც მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით,  „აჭარგანათება” ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა. იგი უკონკურენტო ტენდერებში იმარჯვებს და გამარტივებულ შესყიდვებს იღებს – 2011 წლის თებერვლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით კომპანიამ 94 ტენდერიდან და 22 გამარტივებული შესყიდვიდან მთლიანობაში 26,523,383 ლარი მიიღო. ამ თანხის  82%  უკონკურენტო ტენდერებსა  და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის.

2016-2017 წლების ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ბათუმის მერიის გარე განათების ქსელის მიწოდებისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ იმ ტენდერებზე, სადაც კონკურენციის პირობები შეზღუდულია და  გამოავლინა, რომ ბათუმის მერია გამოცხადებული ტენდერების პირობებს „აჭარგანათებას” არგებდა და კონკურენტუნარიანობას ზღუდავდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გაარკვია, რომ მიუხედავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებისა, ბათუმის მერია  სატენდერო პირობების ერთ კომპანიაზე მორგების პრაქტიკას აგრძელებს და ამასთან, შპს-ს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სანქციას არ აკისრებს.

TI-ს განცხადებით, 2016-2017 წლების ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ მერია ტენდერებს “აჭარაგანათებას” არგებდა. გარდა ამისა, აუდიტი აცხადებდა, რომ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება არცერთ თვეში სრულყოფილად არ მიუწოდებია, თუმცა ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და კომპანიას ჯარიმა არ დაკისრებია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში უნდა დაიწყოს მოკვლევა სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგების სავარაუდო ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით

ამასთან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ  უახლოეს პერიოდში უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებით, მათ შორის არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო დააჯარიმოს კომპანია „აჭარგანათება” და დაამკვიდროს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანი კონტროლის პრაქტიკა.