საქსტატი: საქართველოში მიწის უმეტესობა სახელმწიფოს ეკუთვნის

1237

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი) ქვეყანაში მიწის საერთო ფართობი 7 628.4 ათასი ჰექტარია, აქედან კერძო საკუთრებაშია 948 ათასი ჰექტარი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ქვეყანაში არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი 4 602.6 ათას ჰექტარს შეადგენს. აქედან კერძო საკუთრებაშია ფართის 181.6 ათასი ჰექტარი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი 3085.8 ათასი ჰექტარია, კერძო საკუთრებაშია 767.3 ათასი ჰექტარი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ბარის ზონა ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 46%-ს მოიცავს. აქ მიწის რესურსები ხასიათდება სასოფლო-სამეურნეო ათვისების მაღალი დონით და სავარგულების მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით.

საქართველოში მიწის რესურსების ტერიტორიული განაწილება, სხვა ბუნებრივი კომპონენტების მსგავსად, ვერტიკალური ზონალობის კანონს ექვემდებარება:

I ზონა (ზღვის დონიდან 250 მ-მდე) – უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კულტურები.

II ზონა (250-500მ) – მებაღეობა-მებოსტნეობის, მევენახეობის, ინტენსიური მემინდვრეობის (ძირითადად სიმინდი) გავრცელების არეალი.

III ზონა (500-1 000მ) – ჭარბობს თავთავიანი კულტურები, ბუნებრივი საკვები სავარგულები, მეცხოველეობა

IV ზონა (1 000-1 500მ) – სათიბ-საძოვრები; მემინდვრეობა სუსტადაა განვითარებული.

V ზონა (1 500-2 000მ) – ძირითადად სათიბ-საძოვრები.

VI ზონა (2 000 მ-ის ზემოთ) – მიწათმოქმედება არ არსებობს. გამოყენების თვალსაზრისით საქართველოს ტერიტორია შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: 1. სამიწათმოქმედო ტერიტორია – 15.8%;

2. ბუნებრივ-სამეურნეო ფართობი (ტყე, ბუჩქნარი, სათიბ-საძოვრები) – 70.6%;

3. სოფლის მეურნეობაში გამოუყენებელი მიწა – 13.6%. მიწის სავარგულები გამუდმებულ ცვლილებას განიცდის. სავარგულების სტრუქტურას და მათი ხარისხის ტრანსფორმაციას განაპირობებს ახალი მიწების ათვისება, აქტიური მელიორაციული ღონისძიებები და სხვა. ამასთან, ეროზიული პროცესები, მიწის დამლაშება ან დაჭაობება, დატბორვა და სხვა არახელსაყრელი პირობები იწვევენ სავარგულების ფართობის შემცირებასა და მიწის ფონდის ხარისხობრივი შემადგენლობის გაუარესებას. ამრიგად, მიწის რესურსები განიცდის განუწყვეტელ რაოდენობრივ და თვისებრივ ცვლილებებს.

საქსტატის კვლევა მიწის რესურსების შესახებ 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა.