მესტია-უშგულისა და ვერონა-შუამთის მონაკვეთებზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

549

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, თოვლის გამო მესტია-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარდა ამისა, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.