პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს რეგიონებში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას მართავს.
ამჯერად გამოფენა დღეს, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე, გორის კომბინატის კულტურის ცენტრში მოეწყობა. აქვე გაიმართება ისტორიკოსების – ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და დოკუმენტური ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენება.
დოკუმენტური ფილმი “ინიციატივა არ ისჯება” XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხება. ჩვენებას მკვლევარი ანა მარგველაშვილი გაუძღვება.
რაც შეეხება გამოფენას, მასზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები. გამოფენაზევე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი “ერობა”.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს.
ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
გამოფენას, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორი საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.