მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულებში, რამდენიმე ჰექტარი ტყე დაიწვა

858

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულებში, რამდენიმე ჰექტარი ტყე დაიწვა. ცხუმარში 3-4 ჰექტრამდე, ხოლო ეცერში 5-6 ჰექტრამდე ტყეა დამწვარი.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, კერები მაინც რჩება. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხანძრის ჩაქრობის პროცესი გართულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ხანძარი წუხელ გაჩნდა, მზიანი ამინდებისა და გამხმარი ფოთლის დიდი რაოდენობის გამო, ხანძარი ტყეში ადვილად ვრცელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის კერები დასახლებული ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.