რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი, მოძრაობის “სირცხვილია” ერთ-ერთი ლიდერი ზუკა ბერძენიშვილი და მისი მეგობარი გიორგი მონავარდისაშვილი ერთად დააკავეს. მისი ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილი პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი, სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება.
დავით ბერძენიშვილი ვერ აკონკრეტებს, რას ედავებიან ზუკა ბერძენიშვილს. მისი თქმით, ზუკა პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა და არა – პიკეტირების რომელიმე ადგილზე.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან, ასევე, გიგა მაქარაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი ნადირაძე, დავით კირკიტაძე და სხვა პირები.
ცოტა ხნის წინ შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ამ დროისთვის აქციის 18 მონაწილეა დაკავებული. ამის მიუხედავად, უწყებას არ გაუვრცელებია, ვინ არის ეს 18 პირი.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მისი დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
“პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები”, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება. ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოსვლებია დაწყებული.
ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებსაც, პრაქტიკულად, მთელი რუსთაველის გამზირი აქვთ დაკავებული. მათ, ფაქტობრივად, ალყაში ჰყავთ აქციის მონაწილეები მოქცეული. ამასთან, იმ პირებს, რომლებსაც აქციაზე მისვლა სურთ, ფაქტობრიავად, ამის საშუალება არ ეძლევათ.
ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გახსნილია და სპეცრაზმელები, მათ შორის, ჟურნალისტებზაც, გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას უზღუდავენ.