პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა “ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

1557

წინა სტატია

პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა – მარიამ ჯაშმა დატოვა.

საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობა “ოცნების” შვიდმა დეპუტატმა – თამარ ჩუგოშვილ,ა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ზაზა ხუციშვილმა ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ დატოვეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.