საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობა პროტესტის ნიშნად “ოცნების” შვიდმა დეპუტატმა დატოვა

1543

წინა სტატია

საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობა პროტესტის ნიშნად “ოცნების” შვიდმა დეპუტატმა დატოვა. ეს დეპუტატები არიან: თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე და ზაზა ხუციშვილი.ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა, კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი თავად “ქართული ოცნება” იყო, ბოლო მომენტში პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი თქვეს. ორდღიანი კონსულტაციების მიუხედავად, პარტია კონსესუსამდე ვერ მივიდა, რის გამოც თავისუფალი კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც კენჭისყრაზე ხმების საჭირო რაოდენობა ვეღარ მოგროვდა.

პარალელურად, პარლამენტის წინ მოძრაობის – “სირცხვილია” და “შეცვალე” წევრები, მეორე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. ამ წუთებში მათ პარლამენტის ორი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ პროტესტს არათუ შეწყვეტენ, უფრო მასშტაბურს გახდიან.

პარალელურად, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას იწყებენ ოპოზიციური პარტიები და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდებოდა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგებით, ეს ინიციატივა ჩავარდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.