ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

717

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე არხის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. მისი ღირებულება 264 100 ლარია. არხი მდინარე ფოცხოვს შეუერთდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სარეაბილიტაციო სანიაღვრე არხი ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ფოცხოვს შორის არსებული ხევის გასწვრივ გადის. მისი სიგრძე დაახლოებით 240 მეტრია.

არხი უხვი ნალექების დროს, მოსულ ნიაღვარს ვერ ატარებს, რის გამოც ძლიერი წვიმის დროს სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები იტბორება.

„წყალდიდობისგან თავის დასაცავად, ხევის გასწვრივ კუსტარულად მოწყობილია გრუნტის დამბები და კედლები. ხევს ორივე მხარეს გასდევს კერძო მფლობელობაში არსებული ტერიტორიები, რომლებზეც განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობანი. ხევს ქვედა ნაწილში კვეთს აგრეთვე გრუნტის საფარიანი გზა სიგანით ხუთი მეტრი, რომლის ქვეშ მდებარეობს ძლიერ დაზიანებული წყალგამტარი მილი გადახურვის ფილებით“, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული არხის ნაცვლად, მოეწყობა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რკინა-ბეტონის კედლებით.

სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხუთ ნოემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 27 ნოემბერს დასრულდება.

ქუჩაზე სანიაღვრე არხი პრობლემებს ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულში ქმნის. წელს, ივნისის თვიდან არხის მოუწესრიგებლობის გამო, ქუჩა რამდენჯერმე დაიტბორა.