თელავში მოხუცებულთა პანსიონატი გაიხსნა

771

ქალაქ თელავში მოხუცებულთა პანსიონატი “ლიმენა” გაიხსნა. პანსიონატი სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს მოემსახურება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

პანსიონატის მმართველის, მაია ქეთელაურის განმარტებით, იმ ხანდაზმულებს, რომლებსაც არ აქვთ სახლი ან აქვთ, მაგრამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, შეუძლიათ მივიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიაწოდონ ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ და მივიდნენ პანსიონატში, სადაც დახვდებათ თბილი და ოჯახური გარემო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პანსიონატში ორი ხანდაზმული ცხოვრობს.

,,თელავში, 9 აპრილის #81-ში გაიხსნა მოხუცებულთა პანსიონატი. ამ ეტაპზე გვაქვს 6 ადამიანის მიღების შესაძლებლობა. ჩვენი სერვისი გათვლილია სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებზე, რომლებსაც აფინანსებს სახელმწიფო. მათთვის ჩვენთან ყოფნა უფასოა.

რაც შეეხება პირობებს, ჯანდაცვის სამინისტროდან იყო მონიტორინგის ჯგუფი. ნახეს, მოეწონათ პირობები და მუშაობის დასაწყებად მომცეს ნებართვა.

ჩვენთან ხანდაზმულებს ექნებათ სითბო, საჭმელი და რაც მთავარია მზრუნველობა.

სამომავლოდ ვგეგმავთ პანსიონატის გაფართოვებას. დავამატებთ სველ წერტილებს და კიდევ 6 ადამიანის მიღების შესაძლებლობა გვექნება”, განუცხადა knews.ge-ს მაია ქეთელაურმა.