საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

726

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“აშშ-ის საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს, ჯვრის მონასტრის პროექტს, 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადებს.

პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს.

პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.

ძირითადი ტაძარი (ჩვ.წ. 586-605) ჯვრის მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მონუმენტია. ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს“, – აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.