ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელს 500, 600 და 1000 ლარის აღებას ედავებიან

644

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომლის – გიგა ცეცხლაძის, გენადი ბერიძის, არჩილ მართალიშვილის და ავთანდილ ნემსიწვერიძის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

ოთხივე დაკავებულს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება. მათ ქობულეთის სოფლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ინსპექტირება ევალებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების შესახებ იცოდნენ, თუმცა თანხა აიღეს და სანაცვლოდ დარღვევაზე რეაგირება არ მოახდინეს. სამ სოფელში საზოგადოებრივი ობიექტების აშენება იგეგმებოდა, გათვალისწინებული იყო 36 000 ლარამდე. სასამართლო პროცესზე თქვეს, რომ რწმუნებულებმა ქრთამის სახით 500, 600 და 1000 ლარი აიღეს, წერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

ქობულეთის მერიის ერთი თანამშრომელი და სამი რწმუნებული პარასკევს აიყვანეს. საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე, ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.