ვანის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან გრიგოლ ლილუაშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების „სოფლის ნობათისა“ და „ჭყვიშის“ საქმიანობა მოიცავს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მოყვანას, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ისრითს“ გაშენებული აქვს ჟოლოს ბაღი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ორე ეტ ლაბორა“ მეფუტკრეობის მიმართულებით საქმიანობს.
”ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით, მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ENPARD-ის პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა. 2013 წლიდან, ევროკავშირმა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 12 მილიონი ლარით დააფინანსა 260 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები. დღეისათვის, სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13000-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული.
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.