დავითაშვილი: მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის პროექტი 4 საპილოტე რეგიონში განხორციელდება

460

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 2022 წლიდან ახალი პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი 4 საპილოტე რეგიონში განხორციელდება, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმდა. მინისტრის განმარტებით, ძირითადი დაფინანსება სწორედ ევროკავშირისგან იქნება.

პროექტი იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში განხორციელდება.

”მოხდება მნიშვნელოვანი ფინანსური ხელშეწყობა იმ ეკონომიკური ინიციატივების, რომელიც აქ არსებულ საწარმოებს ექნებათ ან ახალი საწარმოების შექმნის მიზნით დაიგეგმება. ეს არის თანხვედრაში ჩვენი რეგიონალური განვითარების ხედვებთან და სტრატეგიასთან.

ჩვენ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით ვეხმარებით ბიზნესს, ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 300 000 ლარიდან მილიონ ლარამდე  სესხების პროცენტის თანადაფინანსებას ორი წლის ვადით.  ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებას, რომელის სესხის ოდენობის მაქსიმუმ 60% შეიძლება იყოს. მაქსიმუმი საგრანტო თანხა შეიძლება იყოს 600 ათასი ლარი.

ეს არის მნიშვნელოვანი სტიმული, რომ ასეთ რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობა მოხდეს” – განაცხადა მინისტრმა.