ცაგერის სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

1149

ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ლასურიაში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავარიული უბანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

მდინარის ჭალა-კალაპოტში მიმდინარე აკუმულაციის შედეგად მისი კალაპოტი ხშირად იცვლის ადგილმდებარეობას, რაც ჭალის ზედა ტერასების წარეცხვას იწვევს.

ნაპირის წარეცხვის, მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სოფელში შემავალი გრუნტის გზის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ნაპირსამაგრი ნაგებობა მოეწყობა. ამ დროისთვის, ქვანაყარი ბერმის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 657 800 ლარია.