თვითმმართველობებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გამოსვლა ძალიან უცნაური იყო, – განაცხადა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„ჩვენ კოლეგები ვიყავით კანცელარიაში და ამ საკითხზე რამდენჯერმე გვქონდა ნასაუბრები. მაშინ გიორგი ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე იყო და მან რამდენიმე სიტუაციაში ძალიან კარგად დაინახა, რეგიონებში როგორ შეფერხდა პროექტების განხორციელება და ძალიან წუხდა ამაზე. ჩემი აზრით, მისი გამოსვლა ძალიან უცნაური გამოსვლა იყო. იმიტომ, რომ იქნებ, მითხრან, რომელი ფინანსური რესურსები გადაეცა მუნიციპალიტეტებს?!“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
ამ განცხადებით ირაკლი მელაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს გიორგი გახარიას მიერ 2019 წლის 8 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ დღეისთვის თვითმმართველობებს, დიდ უფლებამოსილებებთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული და ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს, ისედაც არარსებული თვითმმართველობა კიდევ უფრო შეავიწროოს.
მისი თქმით, რჩება ქონების გადასახადი, 2016 წელს დარჩა საშემოსავლო გადასახადის რაღაც ნაწილი და რამდენიმე თვეში ბიზნესმენები გადასახადის ზუსტად იმ ნაწილში გათავისუფლდნენ, რომელიც მუნიციპალიტეტებში მიდიოდა.
„მიწის გადასახადი რჩება ადგილზე, მაგრამ ხუთ ჰექტრამდე გავათავისუფლეთ და საქართველოს მუნიციპალიტეტების 80%-ში ხუთ ჰექტარზე ზევით მიწის ნაკვეთი არ არსებობს. ქონების გადასახადი რჩება, მაგრამ ფიზიკური პირების ქონების გადასახადში გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ 40 000-ზე ნაკლები შემოსავალი ვისაც აქვს, არ იხდის, 40 000-ზე ზევით შემოსავალი კი დეკლარაციაში საქართველოს 33 000-მა მოქალაქემ დააფიქსირა. ეს 1%-ია, ხოლო 99% ამ გადასახადებიდან, რომელიც გვიწერია, რომ მუნიციპალიტეტის არის, ასევე არ არის ასე“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.